219 77 77
18/10/2012 -
ლიზინგის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია საფრანგეთში, კანში ჩატარდა

11-12 ოქტომბერს, კანში ევროპული ლიზინგისა და ავტომობილების გაქირავების ინდუსტრიის ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც დარგის 450–მდე წარმომადგენელი დაესწრო. საქართველოს მხრიდან, ღონისძიებას ესწრებოდა ბაზარზე მოღვაწე სამივე კომპნია, მათ შორის „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი აიეტი კუკავა. 

ორი დღის განმავლობაში, წამყვანი სალიზინგო და საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლები განიხილავდნენ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე მაკრო–ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გავლენას ლიზინგის დარგზე. კონფერენციაზე გავრცელდა ლიზინგის დარგის ყოველწლიური კვლევის დეტალები და წარმოდგენილი იყო ლიზინგის ბაზრის განვითარების დინამიკა და ტენდენციები. განხილული იყო დარგში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებიც. 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს კომპანიების მონაწილეობა, რადგანაც ჩვენ შევძელით ევროპის წამყვანი კომპანიებისთვის საქართველოში სალიზინგო ბაზრის პოტენციალის და პერსპექტივების გაცნობა. ჩვენ დავამყარეთ ბევრი სასარგებლო კონტაქტი, რაც მომავალში ქვეყანაში ლიზინგის დარგის განვითარებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. რაც ყველაზე მთავარია, დავიწყეთ მოლაპარაკებები ორგანიზატორებთან, რათა უახლოეს მომავალში, მსგავსი ტიპის კონფერენცია უკვე საქართველოში ჩავატაროთ“, – განაცხადა ბ-ნმა აიეტ კუკავამ.