დღეს, 13 ივლისს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-სა და შპს ”ალიანს ჯგუფ ლიზინგს” შორის ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც, პირველად საქართველოში, სალიზინგო კომპანიამ მოიპოვა ამერიკის მთავრობის მიერ გაცემული "ვალდებულების შესრულების გარანტია".
USAID-ის გარანტია უზრუნველყოფს დაახლოებით 2 500 000 დოლარამდე სახსრების ინვესტირებას სალიზინგო პორთფელში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში.
ხელშეკრულების მიზანია ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნეს მცირე საოჯახო ბიზნესებისა და მიკრო საწარმოების ძირითადი საშუალებების გადაიარაღებაზე. შედეგად, მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფონდების მოზიდვისას არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ კომერციული ბანკების მომსახურებაზე, არამედ ისარგებლონ ისეთი კომფორტული მომსახურებით, როგორიც ლიზინგია. ლიზინგი წარმოადგენს ხელმისაწვდომ, დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს, რომელიც აძლევს საშუალებას კომპანიებს მოახდინონ ძირითადი საშუალებების გადაიარაღება მათთვის ხელსაყრელი პირობებით. დაფინასება არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას, მისი ძირითადი უპირატესობებია კლიენტისათვის აქტივის მოძიება, მომხარებლის მხარდაჭერა დოკუმენტირებისა და ლოჯისტიკის პროცესში, მოქნილი დაფარვის გრაფიკი, პერიოდულად აქტივის განახლებისა და გამოცვლის შესაძლებლობა, საგადასახადო კუთხით აღრიცხვის სიმარტივე და საგადასახადო ხარჯის დაზოგვა.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს “ალიანს ჯგუფ ლიზინგი” უფრო აქტიურად შეძლებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში სალიზინგო მომსახურების ზრდას, მის პოპულარიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
13/07/2011 -
AG ლიზინგსა და USAID -ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა